ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პროცესი დღეს განახლდება

06.09.21 11:07
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი რამდენიმე საათში განახლდება. პროცესზე მოწმეები გამოიკითხებიან.

ამ დრომდე გამოკითხულმა ვერც ერთმა მოწმემ ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა ვერ დაადასტურა, მეტიც, პროკურატურის მოწმემ რამდენიმე თვის წინ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ტრანზაქციების დროს საქმეზე ფულის გათეთრების ნიშნები არ შეუნიშნავს . 

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია და არჩევნების წინ გააქტიურდა.

2 ოქტომბერს რეფერენდუმი იქნება და რა თქმა უნდა, სასამართლოებიც გააქტიურდა. ეს უკვე შტურმი არის, ყოველდღიურად ვხედავთ პრემიერ-მინისტრის წყევლას ტვ პირველის, ჩემი ოჯახის მიმართ", - ამბობს ვატო წერეთელი.

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა  TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.