ჯაფარიძე: "ოლიგარქი სახელმწიფოს გვაკარგვინებს - გარეთ ვიდგებით იქამდე, სანამ გამარჯვებამდე არ მივალთ"
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე შეუერთდა.
მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, რომ დღეს საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რადგან ოლიგარქი ქართველ ხალხს სახელმწიფოს აკარგვინებს.
სოფო ჯაფარიძის მოთხოვნა კი უცვლელია - გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯებიან და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
საფრთხის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. დღეს ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი გვაკარგვინებს სახელმწიფოს. მე ვარ ბედნიერი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. ვითხოვთ რეჟიმის ყველა პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ ჩვენი ქვეყანა უყვართ. მეორე კი ხელახალი არჩევნებია. გარეთ ვიდგებით იქამდე, სანამ გამარჯვებამდე არ მივალთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
მეტროსადგურ რუსთაველიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - ექიმები მარშით დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადაინაცვლებენ და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
"დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სკანდირებენ მედიკოსები, რომლებმაც აქცია-მსვლელობის დაწყებამდე, რუსთაველის მეტროსთან, პეტიცია შეადგინეს და ხელი მოაწერეს.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".