აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

19.12.24 22:03
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაურის და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილის, მირზე კეზევაძის მაგნიტსკის სიაში შეყვანის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებსა და მათ ოჯახებს; სია მოიცავს სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ძალადობდა დემონსტრანტებზე, ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად - მათ შორის, იძულების და შევიწროვების გარეშე ხმის მიცემას.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ პასუხისმგებლობის ხელშეწყობას, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები