პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. იურიდიულ კომიტეტზე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული კანონპროექტი უკვე განიხილეს.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მმართველ გუნდში პირველი განცხადებები გაკეთდა. "ქართული ოცნება" მზადაა, მხარი დაუჭიროს საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას და ფრაქციების ახლებურად დაკომპლექტებას, თუმცა მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ცვლილება გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშრებით.
2%-იანი ბარიერი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთის, პლიუს ფრაქციების ფორმირების წესი, ნაცვლად 7 წევრისა, უკვე 4 დეპუტატს შეეძლება ფრაქციის ფორმირება, ეს არის ის საკითხები, რაზეც არის პოზიციები შეჯერებული, ამაზე ჩატარდება კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე და რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს. რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის საკითხს, ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია დღეს და ხვალ და იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ჩვენი შეფასებით ამ დისკუსიის შედეგები, ან დარჩება ეს პუნქტი კანონპროექტში, ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება მას კენჭი, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი დოკუმენტში არსებული ცვლილებების უარყოფას აგრძელებს.