საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა
საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გააქტიურა - 38 ქვეყნის დელეგაცია წერილში, რომლის ადრესატიც ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძეა, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
წერილზე ხელმომწერი სახელმწიფოები საქართველოს მოუწოდებენ, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად.
ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და გამვლელების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების შესახებ ცნობების შესახებ, რაც შეუმჩნეველი დარჩა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის წარუმატებლად დაკისრებას ვაწყდებით. დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის წარუმატებლად დაკისრების განმეორებითი და გადამეტებული ძალადობის შემთხვევები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. გასულ წლებში, საქართველოს ხელისუფლებას მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და მსგავსი შემთხვევების საფუძვლიანად გამოძიებისა და აღმოფხვრის მიზნით საკმარისი ზომები არ მიუღია. ეს მუდმივი ტენდენცია ცხადყოფს, რომ საჭიროა უფრო ძლიერი მექანიზმების შექმნა დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია წერილში.
ეუთოს 38 სახელმწიფო საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად ითხოვს კონკრეტულ და არსებით პასუხებს შემდეგ კითხვებზე, რომელთა წერილობით პასუხს ათი დღის განმავლობაში ელიან:
- რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბრალდებების გამოსაძიებლად, რომ ირღვევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება, თვითნებურად აკავებდნენ მათ შორის იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და პოლიცია მოქმედებდა იდენტიფიკაციის გარეშე?
- რა ნაბიჯები გადაიდგა წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდების გამოსაძიებლად? გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის?
- რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, მედიის წამომადგენლებისა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად, ასევე, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განზრახ უმოქმედობის საპასუხოდ?
- რა ნაბიჯები გადაიდგა სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედიააქტორების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, საპროტესტო გამოსვლები თავისუფლად, რეპრესიების ან მათი პირადი ჯანმრთელობის საფრთხის გარეშე გააშუქონ?
- როგორი ჩართულობა არსებობდა ეუთოს ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ODIHR-თან, ამ ინსტიტუტების მიერ წამოჭრილ შეშფოთებაზე რეაგირებისთვის და ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში დასახმარებლად?
- რა ნაბიჯები გადაიდგა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და დაუდგენელი ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად, ასევე, სათანადო პროცედურების უზრუნველსაყოფად ძალადობის ჩამდენებისა და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით?
- რა ნაბიჯები გადაიდგა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება განხორციელდეს რეპრესიების გარეშე, მათ შორის მარგინალიზებული ან სხვაგვარად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ?
- რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა მუქარისა და ძალადობის გარეშე? რა ზომებია მიღებული პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად?
ვენის მექანიზმი გაააქტიურეს შემდეგმა სახელმწიფოებმა: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა.
რას გულისხმობს ვენის მექანიზმი?
ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმი არის იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის (ადამიანური განზომილება) სფეროში აიღეს. ადამიანური განზომილების მექანიზმი შედგება ორი ინსტრუმენტისგან: ვენის მექანიზმი (დაარსდა ვენის 1989 წლის დასკვნით დოკუმენტში) და მოსკოვის მექანიზმი (დაარსდა 1991 წელს მოსკოვში ადამიანის განზომილების კონფერენციის ბოლო შეხვედრაზე).
ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, დასვან კითხვები ეუთოს სხვა ქვეყნებში ადამიანური განზომილების ვითარებასთან დაკავშირებით. მოსკოვის მექანიზმი კი მონაწილე სახელმწიფოში დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტების მისიების გაგზავნის საშუალებას იძლევა.