პრეზიდენტი: "სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო"
ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების ფონზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ "სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო".
ქვეყნის მთავარსარდალი უმძიმესი დასკვნის თაობაზე "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ პირველ კომენტარებს ეხმაურება და Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ საქართველოში "ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებებს საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ".
"ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია" - აღნიშნავს პრეზიდენტი.
სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.
უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!
ამ ტყუილ-მართალის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ". - წერს პრეზიდენტი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.