"საქართველოს არჩევნების ისტორიაში ასეთი ნეგატიური დასკვნა არ ყოფილა" - გიგაური
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ უმძიმეს ანგარიშს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აფასებს.
მესამე სექტორის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ "ქვეყნის არჩევნების ისტორიაში ასეთი ნეგატიური დასკვნა არასდროს ყოფილა".
ეკა გიგაურის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში 26 ოქტომბრის შემდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრების პროცესიც განხილულია და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სასამართლო მიკერძოებულობაშიც არის დადანაშაულებული.
საქართველოს არჩევნების ისტორიაში ასეთი ნეგატიური დასკვნა არ ყოფილა. აქ საუბარია ზეწოლაზე, მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, რასაც ჩვენ ვუყურებდით არჩევნებამდე, არჩევნების დღემდე და შემდეგ, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ რაიმე სამართალი გვენახა თუნდაც სასამართლოში, როდესაც შეგვქონდა საჩივრები. ეს პროცესიც შეფასებულია და აქაც არის საუბარი, რომ ფაქტობრივად, არაფერი არ გაკეთდა და სასამართლოც იყო მიკერძოებული", - ამბობს ეკა გიგაური.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.