როგორ წაიკითხა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა

21.12.24 11:41
როგორ წაიკითხა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა

საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნის თავისებურ ვერსიას სთავაზობს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში ივანიშვილის გუნდის შეფასებებსა და კრიტერიუმებს შეესაბამება. 

"ამომრჩეველს ჰქონდა ფართო არჩევანი, არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად" - ირწმუნება შალვა პაპუაშვილი.

მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო „ძალადობის იზოლირებული შემთხვევების“ შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიისგან, ისე ოპოზიციისგან.

ანგარიშში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“. ცესკომ ეუთო-ს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისათვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისათვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად, ხოლო ყველა 73-ვე საარჩევნო ოლქში „საარჩევნო დოკუმენტაციის“ დამუშავება დადებითად იქნა შეფასებული.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობამ ენერგიული სადამკვირვებლო გარემო შექმნა. ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები