ჯაფარიძე: ეუთო/ოდირის დოკუმენტით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა

21.12.24 11:47
ჯაფარიძე: ეუთო/ოდირის დოკუმენტით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი დასკვნის თაობაზე ოპოზიციურმა სპექტრმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა. 

ტრიბუნიდან კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში "უპრეცედენტოდ უარყოფითად" შეაფასა და განაცხადა, დასკვნაში მოყვანილი დარღვევები არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობას ადასტურებს. 

გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. რაც დოკუმენტში წერია, შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. ყველა ელემენტსა და კომპონენტში, რომელიც შედის საარჩევნო პროცესში, ეუთო/ოდირის მიერ არის აღრიცხული უამრავი სერიოზული დარღვევა, ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შემთხვევა იყო ამომრთველთა იძულების, დაშინების, ძალდატანების, განსაკუთრებით ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და საჯარო მოხელეები.

არცერთი საჩივარი, რომელიც არჩევნებამდე იყო შეტანილი, არ იქნა არსებითად განხილული, არც საჯარო კომისიასა და სასამართლოს მიერ. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საარჩევნო უბნების 24 პროცენტზე, სადაც მათი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა, ანუ არ იყო დაცული ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლება.

დამონტაჟებული იყო „ქართული ოცნების“ კამერები, რომლებიც მიმართული იყო ხმის დამთვლელ მანქანებზე და თვითონ ბიულეტენების განთავსება მანქანებში ხორციელდებოდა იმდაგვარად, რომ ჩანდა თუ ვინ აირჩია და ვის მისცა ხმა მოქალაქემ, შესაბამისად დარღვეული იყო ამომრჩეველთა ფუნდამენტური უფლება.

საარჩევნოდ დღის შემდგომ 1200 საჩივარი, რომელიც საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოები შევიდა ეუთო/ოდირის მიხედვით არ იყო არსებითად განხილული, რაც მიუთითებს, იმაზე რომ ეს ინსტიტუციები „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშაა და მათი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი, შესაბამისად ეს დასკვნა უპრეცედენტოდ უარყოფითია.

ამგვარი ნეგატიური დასკვნა, პრაქტიკულად არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნებით მიღებული შედეგები არალეგიტიმურია, შესაბამისად, არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები