ლატვიის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესება "ოცნების" პირდაპირი იზოლირება და მწვავე გადაწყვეტილებაა - ჯაფარიძე
ლატვიის მიერ ივანიშვილის რეჟიმის 13 წარმომადგენლისთვის სავიზო სანქციების დაწესებას კოალიცია "ძლიერ საქართველოში" უმწვავეს გადაწყვეტილებად აფასებენ.
როგორც ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "პირველებთან" ამბობს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ "ქართული ოცნების" წევრების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მმართველი პარტიის იზოლაციაში მოქცევაზე მიუთითებს.
ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დასანქცირების პროცესი კიდევ გაგრძელდება.
თავისთავად ეს გადაწყვეტილება უკვე მწვავე გადაწყვეტილებაა, როდესაც პერსონა ნონ გრატად აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს არის უმწვავესი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება და სხვა სახელმწიფოებიც იმავეს გააკეთებენ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ მწვავე გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იყო აშშ-ის, ბრიტანეთის, ესტონეთის, ლიეტუვას მიერ. ეს არის პირდაპირ იზოლირება "ქართული ოცნების" ოფიციალური წარმომადგენლების", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ივანიშვილის რეჟიმის 13 წარმომდგენელს ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა იქსზე წერს.
ბრაჟეს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დამატებით 13 მოქალაქე გამოცხადდება პერსონა ნონ გრატად და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალებათ.