ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე მოსახლეობის მოთხოვნას ამყარებს - წერეთელი
ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრის ერთობლივ ბრიფინგზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ამყარებს.
გიგი წერეთლის შეფასებით, ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნის მიხედვით, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამებოდა.
ეუთო/ოდირის დასკვნა ძალიან მკაფიოა და არ სჭირდება მაღალი ინტელექტი, რომ ზუსტად წავიკითხოთ ის, თუ რა წერია ამ დასკვნაში. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ყველაზე მაღალი ინსტანციაა საარჩევნო აუდიტის თვალსაზრისით, ამ დასკვნით იხელმძღვანელებს ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თუ სახელმწიფო, რომელიც კიდევ ერთხელ შეაფასებს ამ არჩევნებს, თუმცა ეს შეფასებები დიდი ხანია ვიცით.
ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული - თუ რა ტიპის დარღვევები იყო. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია, დარღვეულია თანასწორობა, არსებობს ხელისუფლების სასარგებლოდ აბსოლუტური დისბალანსი და ყველაზე მთავარი ფარულობა. ხაზგასმულია, რომ ვიდეო კონტროლისა და სხვა კონტროლის მეშვეობით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ შიშის, შურისძიებისა და დასჯის შიშის გარეშე. პრაქტიკულად ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიოში არსებებს, დასკვნის მიხედვით არის დარღვეული და არ შეესაბამება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას აქვს აღებული.
ეუთო/ოდირი მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ თვითონ გადაწყვიტონ, ცნოს თუ არა არჩევნების ლეგიტიმაცია. ის მოსახლეობას ფაქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და ობიექტურ სურათს, თუ რა მოხდა და როგორ წარიმართა არჩევნები. ის რომ ჩვენი მოქალაქეები, ათიათასობით მოქალაქე არჩევნების შემდგომ მუდმივ პროტესტშია, ეს მეტყველებს თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს არჩევნები,როგორ შეაფასა და მისცა თუ არა ლეგიტიმაცია“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.