ევროპა სასამართლოს ეუბნება, ნუ ზიხართ გამომპალ "მოსკვიჩზე" - ვატო წერეთელი
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, მისი ოჯახის წინააღმდეგ განახლებულ სასამართლო პროცესებს პოლიტიკურ დევნად აფასებს. წერეთელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სასამართლო სისტემა პოლიტიკური დევნის ბერკეტების გასაძლიერებლად სჭირდება.
უახლოვდება რეფერენდუმის დღეს, ამიტომაც ჩემი ოჯახის სასამართლო განახლდა და იქნება დაჩქარებული წესით. დასავლეთი, ევროპა სასამართლოს ეუბნება - ნუ ზიხართ გამომპალ "მოსკვიჩზე", დაგეხმარებით, რომ გადაგსვათ ,,მერსედესზე", მაგრამ ხელისუფლებამ ტანზე შემოიხია და უნდათ გამომპალი სისტემა, რომ ჰყავდეთ მურუსიძე ჯოისტიკზე", - ამბობს ვატო წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.