"ეუთო/ოდირის ანგარიშის საფუძველზე, ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი" - გიგაური

21.12.24 15:44
"ეუთო/ოდირის ანგარიშის საფუძველზე, ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი" - გიგაური

უეთო/ოდირის უმწვავეს დასკვნასთან დაკავშირებით მესამე სექტორში გამართული საგანგებო ბრიფინგის მიმდინარეობისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ახალი არჩევნების ჩასატარებლად დამატებით საფუძველს იძლევა. 

ეკა გიგაურის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნა მკაცრია, რადგან მისივე განმარტებით, ანგარიშში, ძირითადად, იმ შემთხვევებზე იყო საუბარი, რასაც არათავისუფალი გარემოს შექმნა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა ეწოდება.

"დადასტურდა ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი" - თქვა მესამე სექტორის წარმომადგენელმა. 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეუთო/ოდირის ანგარში გამოქვეყნდა. ცოტა დრო დასჭირდათ მათ, რომ საბოლოო ანალიზი გაეკეთებინათ იმ დარღვევების, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს და ეს ანგარიში იმაზე უფრო მკაცრი არის, ვიდრე შუალედური ანგარიში იყო, ბევრი მიზეზების გამო. აქ უკვე მეტი კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი.

საერთო ჯამში, ამ ანგარიშის საფუძველზე, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება, რომ გავიგოთ ამ ანგარიშიდან. განსაკუთრებით წერია ის კანონები, რომელიც მიღებული იქნა ამ პერიოდის განმავლობაში, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პერიოდში. მათ შორის, ის არათანასწორი გარემო, რომელშიც იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიები. მათთვის აშკარა გახდა ის სქემები, რომელსაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ არჩევნების დღეს. ძალიან მკაცრად არის შეფასებული თვითონ ის გარემო, რომელიც იყო ამომრჩევლისთვის. მათ თავისუფლად არ შეეძლოთ მიეცათ ხმა და ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი არჩევანის გამო მათზე კონკრეტული ქმედებები განხორციელდებოდა. საუბარია საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე და მათზე ზეწოლაზე.

საუბარია ასევე რა ხდებოდა არჩევნების დღის შემდეგ, რა ხდებოდა სასამართლოებში, საარჩევნო კომისიებში, როგორ განიხილებოდა დავები. აბსოლუტურად უარყოფითად არის შეფასებული ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რაც მოჰყვა შემდეგ არჩევნებს, აქციებს და აქციების შემდგომ პოლიციის ქმედებებს.

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი კიდევ დამატებითი საფუძველი, რომ საქართველოში ახალი არჩევები ჩატარდეს. ჩვენთვის ეს ყველა ფაქტი ცნობილი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით'', - ამბობს ეკა გიგაური.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

მსგავსი სიახლეები