ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში - ხაზარაძე მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავაზე

06.09.21 15:28
ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში - ხაზარაძე მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. სხდომაზე აუდიტის სამსახურის თანამშრომელი იკითხება.

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებით, პროკურატურა ჩიხშია, რადგან საქმე მთლიანად პოლიტიკურია და დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

2 წელია, რაც ჩვენ ვართ მონაწილე პოლიტიზირებულ საქმეში, რომლის აბსურდულობა დაამტკიცა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ. პროკურატურა არის ჩიხში შესული, ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს. ბუნებრივია, რომ ეს ინტენსიური ჩანიშვნა წინასაარჩევნოდ ემსახურება, რომ ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგრამ არ გამოუვათ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა  TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის, მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.