ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე - ბრალდებულები პროკურორს დაუპირისპირდნენ
ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესზე - ბრალდებულები პროკურორს დაუპირისპირდნენ. "ლელოს" ლიდერებმა და ტვ პირველის დამფუძნებლის მამამ ბრალდების მხარეს უთხრეს, რომ საქმის მასალებში ერკვეოდა. დაპირისპირება მოჰყვა პროკურორის კითხვას, რომელიც ტრანზაქციების ვალუტას შეეხებოდა. მამუკა ხაზარაძემ პროკურორს უპასუხა, რომ ამისთვის მასალებს უნდა გასცნობოდა.
პროკურორის შემდეგი შეკითხვა იყო, გაუმჯობესდა თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობა. ამ შეკითხვას ხმაური მოჰყვა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურორს აუხსნეს, რომ აქტივებით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება.
პროცესზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის, გიორგი ბარამიძის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. მოწმე უკვე ორი საათი იკითხება, მაგრამ დანაშაულზე არაფერი უთქვამს.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.