ტელეფონებს, რომელიც სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს მოჰპარეს, "შაბათის ეთერმა" ლომბარდში მიაგნო
ტელეფონებს, რომელიც სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს მოჰპარეს, "შაბათის ეთერმა" ლომბარდში მიაგნო - დაზარალებულები ამბობენ, რომ წამებაში და ძარცვაში მხილებულ ნიღბიანებს, ტელეფონების გათიშვა დაავიწყდათ, ამიტომ iPhone-ების ადგილმდებარეობის დადგენა მარტივი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი კვალი "ხარებას" ბაზამდე მივიდა - 21 წლის გიორგი ბრეგვაძის iPhone15, პროგრამის მიხედვით, ახლა სპეცრაზმელების ყაზარმაში ინახება.
მობილური ტელეფონები, საქორწინო ბეჭდები, ოქროს ჯვარი, საყურე, ქურთუკი და ნახმარი ბოტასიც კი. "შაბათის ეთერის" რესპონდენტების მონაყოლის მიხედვით, სპეცრაზმელები ორგანიზებულად ძარცვავდნენ დაკავებულ მომიტინგეებს.
გიორგის გარდა, "შაბათის ეთერმა" გადაიღო კიდევ ხუთი მომიტინგე, ვისაც ხარებას ჯალათებმა ტელეფონები წაართვეს. ყველა მოპარული ნივთის კვალზე ჟურნალისტი ნატა ქაჯაია ლოკაციის დამდგენი პროგრამის დახმარებით გავიდა.
გერმანიის მოქალაქე, გელა მეგრელიძე, რომელიც ფოტოგრაფია, ამბობს, რომ რუსთაველის გამზირიდან მაშინ გაიტაცეს, როცა ფოტოებს იღებდა.
ისტორია აქაც იდენტურია - სპეცრაზმმა ფოტოგრაფს პირადი ნივთები გატაცა - ძვირადღირებული ფოტოაპარატი, აქსესუარები და მობილური ტელეფონი. ადგილზე, რომელსაც iPhone-ების საძიებო პროგრამა აჩვენებს, "ტვ პირველს" მობილურების შეკეთების სახელოსნო და ლომბარდი დახვდა.
Find my iPhone-მა "შაბათის ეთერი" კახეთის გზატკეცილზე, ეს ქიზიყის ქუჩის პირველ ნომერში მიიყვანა. აქ არის ხარებას რაზმის დისლოკაციის ადგილი. ტელეფონის მესაკუთრე გია ჯვარშეიშვილია. მობილურის ადგილმდებარეობა იცის დავით გოგილაშვილმაც. თითქმის ერთი კვირა აჩვენებდა, რომ აიფონი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩაზე იყო. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მოპარული iPhone აღმოჩნდა, შსს-ის თანამშრომელის საცხოპვრებელი სახლის მისამართზე.