თუ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, არ გამოვრიცხავთ მათთვის საპარლამენტო თანამდებობებს - მამუკა მდინარაძე
,,არ გამოვრიცხავ ხელისუფლების კეთილ ნებას, დავუთმოთ ოპოზიციას საპარლამენტო თანამდებობები" - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, ხელისუფლებას არ აქვს ვალდებულება, ოპოზიცია საპარლამენტო თანამდებობები შესთავაზოს, მაგრამ მმართველი პარტიის კეთილი ნების შემთხვევაშუ ეს შესაძლებელი იქნება.
თუ ჩვენ შევხედავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციის მხრიდან, არ გამოვრიცხავ ხელისუფლების კეთილ ნებას, დაუთმოს ოპონენტებს საპარლამენტო თანამდებობები. თუმცა, შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულია და ამის ვალდებულება არ გაგვაჩნია. ერთადერთი ამის მიზანი არის, საერთაშორისო მედიატორების ჩართვით, თუ მის გარეშე, საპარლამენტო მუშაობა იყოს რეალობასთან რელევანტური და შევძლოთ ამ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
,,ქართული ოცნების" მთავარ ოფისში მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. გადაწყვეტილების შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.