"მე მზად ვარ, შევხვდეთ ამ კვირაში, 29-მდე, რაღას გადავდოთ" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მთავარ ნაბიჯს ასახელებს - ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა ის ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს ბედს გადაწყვეტს.
"მე მზად ვარ, შევხვდეთ ამ კვირაში, 29-მდე, რაღას გადავდოთ" - ამბობს პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს - "მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო და ვილაპარაკოთ".
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხზე დიალოგი მასთან უნდა გაიმართოს და პროცესებში მედიატორის ფუნქცია სწორედ მან უნდა შეასრულოს.
რჩება ორი გამოსავალი. ერთი არის, მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ნდობას ამომრჩევლების, რადგან სხვანაირად აზრი არ ექნება. მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იმაზე, რომ შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებულ პირობებზე ჩატარდება არჩევნები.
დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პიროვნებებთან. ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორი და იმასთან, ვინც მონაწილე იყვნენ არჩევნებში, და ვინც აკვირდებოდა და ზუსტად იცის, რა პირობები და როგორ იყო დარღვევები. მეორე მხარეს კი ივანიშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს. ეს კრიზისი აღარ ითმენს. საზოგადოებას მშვიდობის გასაღები უნდა მივცეთ. შევხვდეთ ამ კვირაში, 29-მდე, რაღას გადავდოთ. მე მზად ვარ", - ამბობს პრეზიდენტი.