რუსეთუმე კალაძესთან ერთად დემოკრატიობანას თამაშს და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ - ირაკლი ნადირაძე

24.12.24 11:08
რუსეთუმე კალაძესთან ერთად დემოკრატიობანას თამაშს და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ - ირაკლი ნადირაძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ კოალიციის წევრები თბილისის საკრებულოში მისვლას და კალაძესთან ერთად სხდომაზე დასწრებას არ გეგმავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დედაქალაქის მერთან, რომელმაც ქვეყანას ევროპული მომავალი დააკარგვინა და "ოცნების" ზონდერჯგუფების დამფინანსებელია, სალაპარაკო არაფერია.

ნადირაძე ამბობს, რომ დემოკრატიობანას თამაშს არ აპირებენ და შექმნილ ვითარებაში გამოსავლად კვლავაც ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მიიჩნევენ. 

სანქცირებული კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, საცობით, პარკირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ. ამიტომ, თუ გვინდა პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე. დღეს ჩვენ სხდომას არ ვესწრებით და ვაგრძელებთ პროტესტს ქუჩაში, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
 

შეგახსენებთ, რომ დღეს კახა კალაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ სხდომას არც გახარიას გუნდი დაესწრება.  

მსგავსი სიახლეები