საკრებულოში მარტო დარჩენილი კალაძე შეთქმულების თეორიებს ავითარებს

24.12.24 11:46
საკრებულოში მარტო დარჩენილი კალაძე შეთქმულების თეორიებს ავითარებს

საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები ესწრებიან და რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, კახა კალაძე დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ "ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა". დედაქალაქის მერი ირწმუნებოდა, რომ გარე და შიდა ძალებს ქვეყნის განადგურება სურდათ, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. 

კალაძე დღეს ასევე ამტკიცებდა, რომ აქციები, რომელიც სიტემატიურ რეჟიმში რუსთაველის გამზირზე იმართება, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული, რომლის ლიდერადაც უცხო ძალებმა სალომე ზურაბიშვილი დანიშნეს. 

"ოცნების" გენერალურმა მდივანმა დღეს, პრაქტიკულად, თქვა, რომ ქუჩაში გასული ასი ათასობით მოქალაქის პროტესტის ხმა მათთვის უმნიშვნელოა და რომ ხელისუფლების დათმობას არცერთ შემთხვევაში აპირებენ. 

ეს, რაც ქვეყანაში ხდებოდა, პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. წლებია მზადდება ნიადაგი ამ ყველაფრისთვის, განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინის მოვლენები, უცხო ძალებს გაუჩნდათ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველო გამოყენებული უნდა ყოფილიყო მათი ინტერესების პოლიგონად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებდა საქართველოს დასუსტების და უფრო მეტიც, მისი განადგურების ხარჯზე შეესრულებინა ე.წ. მეგობრები მითითებები, აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი. დღეს პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ რომ დაგვეშვა შეცდომა და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი, ეს პირდაპირ შეიძლება, ითქვას, ქვეყნისთვის იქნებოდა სრული კატასტროფა. არ დავუშვებთ არეულობას, არ დავუშვებთ ომს და ამ ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება. ეს კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით ამ წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა.

და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა კალაძემ სხდომაზე.  
 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას პროდასავლური ოპოზიცია არ ესწრება. ყველა მათგანმა დღეს განცხადება გაავრცელა და თქვეს, რომ მოძალადე და რუსეთუმე არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ და ბრძოლას რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ.  

მსგავსი სიახლეები