"საბრალდებო დასკვნა" - ალექსი პეტრიაშვილი PACE-ის მწვავე ანგარიშზე

25.12.24 13:41
"საბრალდებო დასკვნა" - ალექსი პეტრიაშვილი PACE-ის მწვავე ანგარიშზე

ალექსი პეტრიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკულ ანგარიშს "საბრალდებო დასკვნას" უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული საერთაშორისო თანამეგობრობის საბოლოო პოზიციაზე გავლენას აუცილებლად იქონიებს. 

შეიძლება ითქვას, საბრალდებო დასკვნაც დაიდო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ეს არის უკვე უშუალოდ აქ ნამყოფი დამკვირვებლების შეფასებები. აუცილებლად ეს ზეგავლენას იქონიებს საბოლოო საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის ჩამოყალიბებაზე, - ამბობს ბუკა პეტრიაშვილი.

 PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მომხსენებლის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია გარემოს მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით და ღრმა ანტაგონიზმით. დელეგაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ორგანიზებული დაშინების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკით, განსაკუთრებით სოფლად და მმართველი პარტიის საჯარო განცხადებებით ძირითადი ოპოზიციის აკრძალვაზე.

ანგარიშში, სხვადასხვა საარჩევნო დარღვევების გარდა, საუბარია უშუალოდ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მანქანაზე თავდასხმაზე.

კერძოდ შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა.

  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ;
  • ფართოდ გავრცელებული დაშინება და ზეწოლა აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე;
  • „დიდი ძმა გითვალთვალებს“ ატმოსფერო საარჩევნო უბნებზე, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის მიერ კამერების დამონტაჟებაში;
  • დემოკრატიული უკანდახევა ბოლოდროინდელი კანონმდებლობებით.
  • PACE-ს დელეგაცია კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს აღნიშნული საკითხები, რადგან მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საარჩევნო პროცესებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.