"თბილისი მერიოტში" გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები კონგრესმენებს ხვდებიან
სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები კონგრესმენებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.
ჩვენ ვხვდებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა მოვისმინოთ მათი შეხედულებები. ბუნებრივია, ვისაუბრებთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებზე. საქართველოს აქვს წარმატებები დემოკრატიის მიმართულებით და საერთაშორისო უერთიერთობებში სავაჭრო მიმართულებით. შეძრულები ვართ იმ აგრესიით, რომელიც რუსეთიდან მოდის და გვინდან დავრწმუნდეთ, რომ რეგიონში სიმშვიდეს შევინარჩუნებთ. ჩვენ ვთანამშრომლბთ ყველა პარტიასთან, რათა ვიმუშაოთ ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. ასევე, რეფორმების მიმართლებით, რათა ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ვიმუშაოთ საქართველოსთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, - განაცხადა გავლენიანმა კონგრესმენმა, მაიკლ მუნმა შეხვედრაზე შესვლამდე.
ოპოზიცია ამბობს, რომ კონგრესმენებთან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს გაივლიან, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხება. "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ შეხვედრაზე ყურადღებას დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილებს. მისი თქმით, საუბარი შეეხება ხელისუფლების მიერ ქვეყნის კურსის შეცვლის მცდელობასაც.
ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ყველა იმ საკითხზე, რაც სტრატეგიულ პარტნიორობაში არის მნიშვნელოვანი. ეს არის დემოკრატია. დემოკრატიას სჭირდება ისეთი მმართველობა, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ სიტყვებზე, დემოკრატიას სჭირდება დემოკრატიული არჩევნები, მოქალაქეების პატივისცემა, ჟურნალისტების პატივისცემა, ადამიანების უფლებების პატივისცემა, შეთანხმებების პატივისცემა. დახმარებაზე უარის თქმა, არ არის მხოლოდ იმ მილიონებეზე უარის თქმა, რომელიც დღეს ჩვენ მოსახლეობას სჭირდება, ეს არის გეზის შეცვლა და ეს კარგად უნდა იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, - ამბობს ხოშტარია.
მეორე დღეა, კონგრესმენები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრამდე მათ ვიზიტი გუშინ "ქართული ოცნების" ლიდერებთან ჰქონდათ.