მარგველაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტია - ადამიანები, რომლებიც მას ემუქრებიან, არალეგიტიმურები
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, სად და რომელ შენობაში იქნება სალომე ზურაბიშვილი, რადგან "საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საქართველოს პრეზიდენტია".
ქვეყნის ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი "პირველებთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩეული პრეზიდენტია, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის მიმართ მუქარას ახორციელებენ, არალეგიტიმურები არიან.
საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აქედან გამომდინარე, რასაც გადაწყვეტს, სადაც გადაწყვეტს, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელოს, იმ წერტილიდან განახორციელებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. მე რომ ჩავდიოდი ბრიუსელში, აღარ ვიყავი პრეზიდენტი?
პოლიტიკურად შეიძლება ასეთი ჟესტი გვინდოდეს ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ არის დროშის ჩარჭობის ტაქტიკა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა და კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ კონტექსტს ეს არ თვლის. ის საქართველოს არჩეული პრეზიდენტია, ადამიანები, რომლებიც მას ემუქრებიან, არიან არალეგიტიმური, შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც თავად არიან გამოკეტილები შენობაში.
სალომე რომ გამოდის ქუჩაში, ჩვენ ვხედავთ, რამხელა მხარდაჭერა აქვს. ნებისმიერ კრიმინალურ ჯგუფს აქვს შიში იმისა, რომ მათი კრიმინალობა, რუსული სპეცოპერაციის წარმომადგენლობა, არალეგიტიმური და ფაქტობრივად, საოკუპაციო რეჟიმის თვალსაზრისით, კიდევ უფრო ჩამოეხსნებათ ფარდა. ბუნებრივია მათი შიში სალომეს მიმართ. ისინი არიან არალეგიტიმურები, ქალბატონი სალომე არის ლეგიტიმური პრეზიდენტი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.