მწვავე გზავნილები ამერიკიდან - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ გაჟღერებულ მწვავე გზავნილებთან დაკავშირებით, საქართველოს არალეგიტიმური პრემიერი, ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს.
"ქართული ოცნების" ლიდერი ამერიკის მხრიდან მსგავს განცხადებებს არარელევანტურად აცხადებს და კამერების წინ ამტკიცებს, რომ ასეთ შეფასებებს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი ვერ ექნება.
"ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან" - ამბობს ირაკლი კობახიძე და ირწმუნება, რომ "რესპუბლიკელი პოლიტიკოსი იმიტომ გაააქტიურეს, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე".
ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნებია ხოლმე. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. რაც მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი. უპირველესად, საზოგადოებამ ისწავლა რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ 5 რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როდესაც ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან. ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი. ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ.
მიზანი ესაა - იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობის, რომელიც დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის - როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი უმწვავესი განცხადება გააკეთა.