ხვედელიანი: "მივმართავ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს - არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა"
გიგა სოფრომაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თამარ ხვედელიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ტრიბუნიდან საჯარო მოხელეებს მიმართა და მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა - "თქვენი კოლეგები ერთად უნდა დავიცვათ და ეს ერთად დგომით უნდა გავაკეთოთ".
პოლიტიკური ძალა “გახარია საქართველოსთვის” სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიიდან 8 წლის გამოცდილების მქონე თანამშრომლის გიგა სოფრომაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
ეს უკვე მეორე საჯარო მოხელეა თბილისის მერიაში, რომელიც ღიად აპროტესტებდა საქართველოს ეგრედწოდებული მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების შეჩერებას და ამის გამო მოუწია სამსახურის დატოვება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკემბრის დასაწყისში თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი ღიად გაემიჯნა არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა კახა კალაძის მხრიდან ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების ღია და საჯარო მუქარა. კალაძის შემდეგ მსგავსი განცხადება გააკეთა არალეგიტიმურმა პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ.
ამ საჯარო მუქარებს მოჰყვა ოცნების რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით რეპრესიული ცვლილებები კანონში, რითაც ივანიშვილის რეჟიმმა საჯარო მოხელეები აიყვანა მძევლად.
ოცნების მავნე ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანა. არამხოლოდ ქუჩაში, არამედ უკვე საჯარო უწყებებში რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.
მივმართავ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს - არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა, სწორედ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით. თქვენი კოლეგები ერთად უნდა დავიცვათ და ეს ერთად დგომით უნდა გავაკეთოთ. შემდეგ კი შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური, რომ ერთხელ და სამუდამოდ საჯარო მოხელეს თავისუფლად შეეძლოს საკუთარი ვალდებულებების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე.
ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოს ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე!" - განაცხადა ხვედელიანმა.