გადამწყვეტი ორი დღე ქვეყანაში - რას გეგმავს ზურაბიშვილი?
პრეზიდენტის გასაიდუმლოებული გეგმა "ქართულ ოცნებას" მოსვენებას არ აძლევს. ივანიშვილის პარტიაში არავინ იცის, რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბერს. რაც უფრო ახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი, მით უფრო ინტენსიური ხდება მუქარა, რომ მას დაიჭერენ, თუკი ათონელის სასახლეს არ დატოვებს. კობახიძე ზურაბიშვილსაც ემუქრება და ადმინისტრაციის თანამშრომლებითაც აშანტაჟებს.
კვირას "ოცნება" მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს. პროცესი უპრეცენდენტოდ დახურული და ხანმოკლე იქნება. მას არავინ დაესწრება "ოცნების" გარდა. რა მოხდება ამის შემდეგ არავინ იცის. არც ისაა ცნობილი, ათონელის სასახლე იქნება თუ არა მიხეილ ყაველაშვილის სამუშაო სივრცე იმის მიუხედავად, დატოვებს თუ არა შენობას სალომე ზურაბიშვილი.
მართალია, მოქმედი პრეზიდენტი ახლა ამ მოვლენას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა მასთან ჩაწერილ ინტერვიუში ბრიტანული მედიის ჟურნალისტმა პირველი კითხვა სწორედ ამ თარიღზე დაუსვა - რას აპირებს ის ორ დღეში.
ბრიტანულ მედიას სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ ის მომავალ კვირაშიც პრეზიდენტი იქნება, რადგან ასე ხედავს მას ქუჩაში მდგომი ხალხი. ამბობს, რომ კვირას არც არაფერი დასრულდება და არც არაფერი დაიწყება. პროტესტი გრძელდება. ბრიტანელ ჟურანლისტებს უთხრა, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, მოქალაქეებს ეგზისტენციალური ბრძოლა აქვთ და ისინი ახლა ისტორიული მოვლენის მონაწილეები არიან, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის საკითხი წყდება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.