ტროლ-ბოტების მიერ გიორგი გახარიას დისკრედიტაცია - "ოცნებიდან" სკანდალურმა მიმოწერამ გამოჟონა
მმართველი გუნდიდან სკანდალურმა მიმოწერამ გამოჟონა. მოპოვებულია "ქართული ოცნების" ჩატიდან ამოღებული სქრინი, სადაც მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს გიორგი გახარიას გაშავებას ავალებს. ტროლ-ბოტებს გიორგი გახარიას პირდაპირი ტელეინტერვიუების დროს კომენტარებში სიტყვები „მოღალატე“ და „სააკაშვილის მოკავშირე“ უნდა დაეწერათ.
ექსპრემიერის ინტერვიუ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გუშინ გავიდა. ირკევევა, რომ სწორედ ამ დროს ჰქონდათ დავალებული საჯარო მოხელებს კომენტარებში გახარის დისკრედიტაციის შემცველი კომენტარების დაწერა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" დამკვირებული მსგავსი პრაქტიკა მმართველი გუნდისთვის სასურველ შედეგს ვერ დააყენებს.
ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც დღეს ამკვიდრებს „ქართული ოცნება“ და ეს ადამიანები, რომლებსაც ვხედავთ და მოწოდება აქვთ, რომ სხვა და სხვა სოციალურ ქსელში დააფიქსირონ პოზიცია, ეს არის ორკესტრირებული პოზიცია და მათ თავიანთი პირადი აზრის გამოთქმის უფლებაც არ აქვთ, პირდაპირ ავალებენ, აძალებენ, თუ ვინ რა უნდა თქვას. ამით უნდათ, რომ როგორმე ჩირქი მოსცხონ ჩვენი პარტიის ლიდერს, ჩვენი გუნდის სხვა წევრებსაც, მაგრამ ამით ვერ მიიღებენ ისინი იმ შედეგს, რისკენაც მიისწრაფიან, - ამბობს ხოჯევანიშვილი.
"ქართული ოცნება" კი თითს ისევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს. მმართველი გუნდის ლიდერები ირწმუნებიან, რომ ტროლ-ბოტების გაძლიერებული იერიში სწორედ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.
ზოგადად, სოციალურ ქსელში, ჩვენ ვატყობთ, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ტროლების და ბოტების გაძლიერებული ე.წ. ქმედებები. თქვენ რაღაც სქრინი გინდათ, ფაქტად წარმოსახოთ, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.