ზურაბიშვილი ერთადერთია, ვისთანაც აქვს ურთიერთობა ცივილიზებულ სამყაროს - ვაჟა გაფრინდაშვილი
სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან მისულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა. მედიკოსის თქმით, მნიშნელობა არ აქვს, საიდან გააგრძელებს ის ქვეყნის მართვას, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობა აქვს ცივილიზებულ სამყაროს.
ჩემი აზრით, ქალბატონი სალომე გააგრძელებს ისევ იგივე პოლიტიკას, რასაც დღემდე ატარებდა, რომ იქნება საქართველოს საზოგადოებასთან ერთად და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ კურსს. ამ სასახლეში იქნება, თავის სახლში იქნება თუ რუსთაველის წინ კარავი ექნება გაშლილი და იქიდან წარმართავს ქვეყანას, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რა ხაზს გაატარებს. ჩემთვის და ალბათ აქ მყოფებისთვისაც, მთავარია, რომ ქალბატონი სალომე ერთადერთუ ლეგიტიმური წარმომადგენელია, რომელთანაც აქვს ურთიერთობა განვითარებულ მსოფლიოს. ყაველაშვილს შეუძლია ურთიერთობა რუსეთთან და ბელორუსთან დედის გინებით, - ამბობს ვაჯა გაფრინდაშვილი.
მოვლენების ეპიცენტრი ათონელის სასახლეა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალლელურად, ხალხი მხარდაჭერას ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურას, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ზურაბიშვილი გეგმავს, მოქალაქეებს სიტყვით მიმართოს და სამოქმედო გეგმა გააცნოს. პრეზიდნტისთვის ტრიბუნა უკვე გამზადებულია.
ადგილზე იმყოფებიან პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები და ხელოვანებიც.