"ოცნების" წინასაარჩევნო ტერორი - "საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატს მოკვლით ემუქრებიან
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ტერორი გრძელდება - პარტია "საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატს ლიკვიდაციით ემუქრებიან. მუქარის შემცველი წერილები ზვიად ტეფნაძემ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მას ასევე ბიზნესის და უძრავ-მოძრავი ქონების განადგურებით ემუქრებიან.
ექსპრემიერის გუნდის მტკიცებით, საქმეში სუს-ი, ადგილობრივი ხელისუფლება და კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართულები.
დღეს ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კადრულობენ იმას, რასაც 2012 წელს უარი ვუთხარით საქართველოს მოქალაქეებმა. მე, პარტია "საქართველოსთვის" ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პირადი, ისე ჩემი კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლით და პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. ყოველდღიურად გადაადგილება , ჩემს ხაშურელებთან შეხვედრები მიწევს 2-3 მანქანის თანხლებით, რომლებიც მუდმივად უკან დამყვებიან და მითვალთვალებენ. სისრულეში რომ მოჰყავთ ეს მუქარები, ყველამ ვნახეთ, როდესაც ჩვენი გუნდის წევრს, აკაკი ბართაიას, დღისით-მზისით ხაშურისკენ მიმავალს მანქანაში იარაღი ჩაუდეს და დააკავეს. ერთი იცოდეთ, ვერ გამაჩერებთ, - წერს ტეფნაძე.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხელისუფლების მხრიდან მათი თანაგუნდელების მიმართ ზეწოლის და მუქარის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი ჰქონდა უკვე მერობის კანდიდატზე ძალიან ღია ზეწოლას, უშუალოდ მუქარას ჰქონდა ადგილი, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ დაემუქრნენ მას სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრების უსაფრთხოების თვალსაზრისით გააჩნეს კითხვები. ეს არის უმძიმესი მუქარის ფორმა, უკიდურესად, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენი კანდიდატი, ბატონი ზვიად ტეფნაძე, რჩება თავის პოზიციაზე, პირიქით, ის უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ბრძოლას. "ოცნების" მხრიდან მსგავს ნაბიჯებს აქვს ერთია ხსნა, ეს არის უკიდურესი შიში დამარცხების, - ამბობს ხოჯევანიშვილი.
მძიმე დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას უკვე გადაეცა, თუმცა გომელაურის უწყებას ჯერ არავის დაკავება არ აქვს გადაწყვეტილი. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ფიქრობენ, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება.