მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს - GDI

08.09.21 14:54
მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს - GDI

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) აცხადებს, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს. GDI  კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო წესით განმხილველ პალატას შალვა თადუმაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს, გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმაც.

პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ამძაფრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ივნისს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს".  პრემიერის განცხადება შესაძლოა შეფასდეს, როგორც სასამართლოს მიმართ მმართველი პარტიის პირდაპირი დავალება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ამასთანავე, კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა. 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე საქმეზეც.

აქვე საყურადღებოა რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის, მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ. გამოძიების ფარგლებში არაერთხელ იყო გამოკითხული, „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც. ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცავადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ, პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას - აღნიშნულია განცხადებაში.