ზურაბიშვილი VS "ოცნება"- პრეზიდენტი დუმს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - ხელისუფლებისადმი ღია და დაუფარავი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი მედიასთან არ ჩნდება. მასთან მისულ ,,პირველების" გადამღებ ჯგუფს კი კითხვებზე არ პასუხობს.
ამ დრომდე გაურკვეველია, შეცვალა თუ არა საკუთარი პოზიცია ,,ოცნების" ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებზე და აუხსნა თუ არა პრემიერმა პრეზიდენტს, რატომ თქვა მთავრობამ ევროპულ დახმარებაზე უარი.
,,ქართულ ოცნებაში" კი დაპირისპირებისგან თავს იკავებენ და ცდილობენ, რომ ზურაბიშვილი არ გააკრიტიკონ, რაც კიდევ მეტ კითხვას აჩენს, იყო თუ არა რეალური პრეზიდენტსა და ,,ქართულ ოცნებას" შორის მწვავე განხეთქილება.
,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, გივი მიქანაძის განმარტებით, დაპირისპირება არ არსებობს და გაუგებრობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, პრეზიდენტი უფლებამოსილია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, მან ეს პოზიცია დააფიქსირა, თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის ბოლომდე არ იყო ინფორმირებული,სესხთან დაკავშირებით. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს, არის კონსტრუქციული თანამშრომლობა, - ამბობს გივი მიქანაძე.
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წელია, რაც ,,ოცნების" მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბარს ერიდება, გამონაკლისის მხოლოდ მისი ბოლო გამოსვლა იყო, სადაც მან ხელისუფლება ევროკავშირის სესხის არაღების გამო გააკრიტიკა.
პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ მოგვიანებით პრემიერმა ღაირბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საკითხში ბოლომდე ინფორმირებული არ არის.