თუ მურსაკულოვს წინა ძალადობა დაუდასტურდა, ტრაგედია პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან - ბოკერია

09.09.21 13:18
თუ მურსაკულოვს წინა ძალადობა დაუდასტურდა, ტრაგედია პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან - ბოკერია

თუ დადასტურდა, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა წარსულში მოქალაქეზე იძალადა და ხელი დააფარეს, მაშინ ტრაგედია ,,ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული - განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

მისი თქმით, თუ პოლიტიკური ძალის აქტივისტი, ან მხარდამჭერი დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისმგებლობა პარტიას არ ეკისრება.

ყველამ შევიტყვეთ, რომ ეს ადამიანი იყო მხარდამჭერი, აქტივისტი, აქტიური წევრი ივანიშვილის პოლიტიკური ძალის. პირველ რიგში, ჯერ უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ამ პირის ბრალეულობა, ამის მერეც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა რეპუტაციის და სტანდარტებისაც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, აღმოაჩნდეს აქტივისტი, მხარდამჭერი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ან მიდრეკილი აღმოჩნდება ძალადობისკენ და ამაზე ეს პოლიტიკური ძალა ავტომატურად პასუხს არ აგებს", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, თუ მურსაკულოვის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი დადასტურდა, ხოლო პოლიციამ ეს არ გამოიძია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება:

თუ დადასტურდა ის ამბავი, რაც ასევე გუშინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით, თან ძალიან საშიში ფორმით ძალადობასთან დაკავშირებით და ამ საჩივრის იგნორირება მოახდინა პოლიციამ, ან იძულებული იყო, იგნორირება მოეხდინა იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, მაშინ კი ეს ტრაგედია, ეს შემზარავი დანაშაული, პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან"- თქვა ბოკერიამ.