პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკვე იშლება, ჩემი ბრძოლა გრძელდება!
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანა ევროპლ რელსებს არ დაუბრუნდება.
განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ახალი ოფისიდან გააკეთა.
ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკვე იშლება.
არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.
ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდ ხანს ვერც ერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ შეეგუება იმას, რომ მართული იყოს ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დღეს ივანიშვილის გუნდს ორი ვარიანტი აქვს: "წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის ბოლომდე დაშლას".