"საქართველოში არჩევნები გაყალბდა..."ოცნების" იმედები ფუჭია, რომ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალს დახუჭავს" - ჯო უილსონი
საქართველოს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე , რომელიც საქართველოს საკითხს ეხებოდა, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
მან "ოცნების" ფუჭ იმედებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილის გუნდს ტრამპის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი მათ ქმედებებზე თვალს არ დახუჭავს.
ორმოც დღეზე მეტია ხალხი აპროტესტებს მოთხოვნით, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები. ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს ამას. მე დავპატიჟე ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც 10 დღეში გაიმართება და მე ველოდები იმ დღეს, როცა მას შევხვდები ვაშინგტონში. არჩევნები გაყალბდა 26 ოქტომბერს საქართველოში. ეუთომ და ყველა ორგანიზაციამ თქვა, რომ იყო სერიოზული დარღვევები. მე მჯერა, რომ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას, მან გაუგზავნა უკრაინას ჯაველინები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ომი დაწყებული არ იყო. ის დგას თავისუფლების და დემოკრატიის მხარეს ამ რეგიონში. ამიტომ ფუჭია იმედი "ოცნებისა", რომ ტრამპი მათ ქმედებებზე თვალს დახუჭავს, განსაკუთრებით ეს ეხება ირანულ რეჟიმთან ურთიერთობას", - განაცხადა ჯო უილსონმა.