35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ - თურაზაშვილი

10.01.25 12:22
35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ - თურაზაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი პენსიონერების პრობლემებზე საუბრობს და "ოცნებას" იმ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, მათი პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საჭირო იყო პენსიონტების საკრედიტო ტყვეობიდან დახსნა, რადგან ისინი კრედიტებს არა სამოგზაუროდ ან სხვა ფუფუნებისთვის იღებენ, არამედ ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. ქეთი თურაზაშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების რესურსი არსებობდა, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არ ისურვა. 

კრედიტების პირობებზე და ლიბერთი ბანკის დანაშაულებრივ სქემაზე, რომელზეც, შესაძლოა, ტელეკომპანია იმედის სრული ლოიალობის მოსაპოვებლად სახელმწიფო თვალს ხუჭავს, სხვა დროსაც მისაუბრია,  ამიტომ ახლა სხვა კუთხიდან... 

პენსიონერები ბანკის ვალებს არც ბინების შესაძენად იღებენ, არც სამოგზაუროდ და არც ბიზნესის წამოწყება/განვითარებისთვის. ეს უკიდურესი გაჭირვების, სიდუხჭირის კრედიტებია. 1500-2000 ლარი, პირველად საჭიროებებზე, ყოველდღიური ხარჯების - წამლების, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის, საკვების, გათბობის - დაფარვაზე მიდის, რასაც პენსიები უბრალოდ ვერ წვდება. 

35 ლარი 300-ლარიანი პენსიის პირობებში არსებით დანამატად შეიძლება გასაღდეს - პენსიები 10%-ზე მეტით გაიზარდა. მაგრამ, როგორც არ უნდა შეხედო, 35 ლარი 35 ლარია.

,,ოცნებამ" ზუსტად იცის პენსიონერების მდგომარეობა. პირადად მე, 3 წლის განმავლობაში ,,მილიონჯერ" მისაუბრია ამაზე.. ათობით წერილი გავუგზავნე ეროვნულ ბანკს, და საპარლამენტო ფორმატში პირადად ავუხსენი არსებული მდგომარეობა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს - მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პარლამენტის წევრებს...

35 ლარი - ეს არის ,,ოცნების" პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, რაც პენსიონერებს დაუგროვდათ. არადა, ადვილად იყო შესაძლებელი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პენსიონერებს საკრედიტო ტყვეობიდან დაიხსნიდა. მითუმეტეს, რომ ჩვენი ძალისხმევით, არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც საპენსიო კრედიტების გაცემისას მნიშვნელოვან დარღვევებს აღიარებს.

,,ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ ისურვა, ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობის გამოსწორება და არჩია ,,business as usual" გაეგრძელებინა ირაკლი რუხაძესთან, იმის სანაცვლოდ, რომ მის ,,იმედს" ყოველ საღამოს მოხუცებისთვის მოეთხრო საქართველოში პენსიების უპრეცედენტო ზრდის შესახებ, - აცხადებს პოლიტიკოსი.

მსგავსი სიახლეები