თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში ბაღებზე 715 მლნ დაიხარჯა, თუმცა ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება - ფლანგვის დეტექტორი

10.09.21 12:26
თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში ბაღებზე 715 მლნ დაიხარჯა, თუმცა ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება - ფლანგვის დეტექტორი

თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საბავშვო ბაღებზე ოთხივე მუნიციპალიტეტმა საკუთარი ბიუჯეტებიდან 2014-2019 წლებში სხვადასხვა სერვისზე ჯამში 715 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება. ამის შესასხებ ინფორმაციას  "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

აღნიშნულ ქალაქებს 2019 წლის მონაცემებით, 256 მოქმედი საბავშვო ბაღი აქვს. ოთხივე მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობაზე გადახდილია 43,999,400 ლარი, ხოლო 5,591,200 ლარი დახარჯულია უკვე არსებული ბაღების კაპიტალურ რემონტზე, თუმცა მიუხედავად დახარჯული თანხებისა ბაღების საკუთრებაში მყოფი შენობები სრულად ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ქვეყნის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია ამ წლების განმავლობაში, რა მდგომარეობაში იყო საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა.

"ფლანგვის დეტექტორის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახურის მიხედვით, არც ერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი ბაღის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.

მიუხედავად ხარჯებისა, არ უმჯობესდება შენობების ინფრასტრუქტურა და არ არის გამართული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი - იქაც კი, სადაც კაპიტალური რემონტი ჩატარდა, ან ახალი შენობები აშენდა.