ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ - ჯინ შაჰინი საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს

14.01.25 10:31
ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ - ჯინ შაჰინი საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს

ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებს, სადაც აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. 

ჯინ შაჰინი ამ კონტექსტში საქართველოსაც ახსენებს და წერს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა გამოწვევად რჩება. 

ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა"- აღნიშნავს სენატორი.

სენატორმა ჯინ შაჰინმა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაავრცელა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ ნატო-ს მსგავსი ალიანსები გააფართოვა და გააძლიერა და გლობალური კოალიცია გააერთიანა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.