"ოცნების" წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას უახლოეს კვირებში ველოდები - სამადაშვილი
"შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთშიც დაწესდება" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიტანელი დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
- ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირებში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გლობალურად დამძიმდება.
არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. თქვენ ნახეთ, მათ შორის, მოწოდებები ევროპარლამენტში, რომ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს ამ ხელისუფლების არაღიარების აქტი როგორც ეს ხდება დღეს ამერიკის კონგრესში. თქვენ ნახეთ მოწოდებები ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ დროა, ევროკავშირმაც მიიღოს ფინანსური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეჟიმის პასუხი უკვე დაწესებულ სანქციებზე არის ცინიზმი, დამატებითი რეპრესიები და კანონის ფეხქვეშ გათელვა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.