"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" გამოქვეყნდა

16.01.25 16:08
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" გამოქვეყნდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დარეგისტრირებული "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" შინაარსი ოფიციალურად ცნობილია.

დოკუმენტით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, საქართველოს ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან მისი რომელიმე მარიონეტი უძღვება, არ აღიარებს. ამასთან, აქტი "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობების ნორმალიზებას კრძალავს. 

არ ცნოს და ურთიერთობის ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი ან მისი რომელიმე მარიონეტი, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო". - წერია დოკუმენტში. 

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" მოითხოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეეწინააღმდეგოს ყველა სხვა ხელისუფლებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობას აღიარებს. 

აშშ აქტიურად შეეწინააღმდეგოს სხვა ხელისუფლებების მიერ საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას და ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი მარიონეტი, აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სავალდებულო პირველადი და მეორადი სანქციების ჩათვლით", - ნათქვამია დოკუმენტში. 

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" მიხედვით, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.

ამასთან, აქტი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. ხაზგასასმელია, რომ დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, არაღიარების პოლიტიკა შესაძლოა პრეზიდენტმა გააუქმოს.

ცნობისთვის, კანონპროექტს დასამტკიცებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, შემდეგ მას ხელი ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

შეგახსენებთ, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" ავტორები რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი არიან. აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ოფიციალურად 2024 წლის 10 იანვარს დარეგისტრირდა.