“მთავრობა გარეუბნებს თბილისის ნაწილად არ თვლის და ასეთი ქუჩების მოწყობა, მათ დღის წესრიგში არ დგას”- ანა ბიბილაშვილი

11.09.21 15:00
“მთავრობა გარეუბნებს თბილისის ნაწილად არ თვლის და ასეთი ქუჩების მოწყობა, მათ დღის წესრიგში არ დგას”- ანა ბიბილაშვილი

“ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა, დღეს ნაძალადევის რაიონის ლეჩხუმისა და  ღრმაღელის ქუჩები  მოინახულეს, ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას შეხვდნენ.  მათი ვიზიტის მიზეზი, სავალი გზის არქონა და სხვა ინფრასტრუქტურული  პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ადგილობრივები დიდი ხანია ელოდებიან. 

ნაძალადევში მოსახლეობასთან შეხვედრისას, “ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას  თბილისი დღეს მხოლოდ ცენტრალური ქუჩები ჰგონია, გარეუბნები კი უყურადღებოდ და ბედის ანაბარა ჰყავს დატოვებული. 


“ვუსმენდით პრემიერ-მინისტრს როგორ იწონებდა თავს გზების მოწყობით და ითვლიდა თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგო მისმა მთავრობამ, თუმცა როგორც ჩანს მან განგებ გამოტოვა რამდენიმე ქუჩა. თბილისში ჩვენს თვალწინ რამდენიმე ქუჩაზე გზის არ ქონის გამო გადაადგილება არის შეუძლებელი. 
მაცხოვრებლები თავიანთ სახლებთან ვერ მოდიან ტრანსპორტით, გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. თითქოს ეს უბნები არ ითვლება ქალაქის ნაწილად და აქ არ უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. არ არის სანიაღვრე სისტემა, არ არის ტროტუარები. თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ეს ქალაქი არის ყველასი ვინც აქ ცხოვრობს და თანაბარ პირობებში ყოფნას იმსახურებენ. 
სამწუხაროდ, ქალაქის მმართველობა ადამიანებს არ პასუხობს. არც ეს ქუჩები მიაჩნიათ ქალაქის ნაწილად და მათი დღის წესრიგში არსებული პრობლემების მოგვარებაც არ დგას. 
ჩვენი ამოცანაა ყველა  ქუჩაზე მივიდეთ, ყველა ადამიანს მოვუსმინოთ და მათი გასაჭირი გავიაროთ. თბილისი უნდა ვაქციოთ ქალაქად რომელიც იქნება ყველა ადამიანის,”- განაცხადა ანა ბიბილაშვილმა. 

“ხალხი ბიუჯეტში იხდის თანხას, ბიუჯეტი კი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების ფასადურ მოწყობას ხმარდება,”-ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ისაუბრა. 

“ვიმყოფებით კალაძის პარალელურ თბილისში, რამდენიმე ქუჩა მოვიარეთ და ყველაზე დიდ გამოწვევას რასაც წავაწყდით სავალი გზის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება. მოსახლოებას არ უნდა უხდებოდეს ხვეწნა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ეს ხალხი ბიუჯეტში იხდის თანხას, ბიუჯეტი კი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების ფასადურ მოწყობას ხმარდება”-განაცახადა ჩერქეზიშვილმა.

მსგავსი სიახლეები