როგორ ჩაუდო ჯიბეში პრემიერმა "ოცნებების სასაფლაოს" ავტორს ხალხისთვის გადასახდელი ფული

11.09.21 20:48
როგორ ჩაუდო ჯიბეში პრემიერმა "ოცნებების სასაფლაოს" ავტორს ხალხისთვის გადასახდელი ფული

ბიძინა ივანიშვილის ძმაკაცს სახელმწიფომ ვალი აპატია - პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაინდრავასათვის ჩამოსაწერი ვალების ბრძანება გადამალა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელიც ფიქრობს, რომ პრემიერი ხალხის ქონებას ანიავებს, გადამალული ბრძანების ასლები "ნოდარ მელაძის შაბათის" გამიმძიებელ ჟურნალისტებს მიუტანა.

თეთრიწყაროს რაიონში 60 ათას კვადრატული მეტრი მიწა გოგა ხაინდრავას რანჩოს მოსაწყობად ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წელს  გადასცა (კვადრატული მეტრი დაახლოებით 50 თეთრად).

ხაინდრავამ ვალდებულება აიღო, რომ ფერმას ააშენებდა, თუმცა საბოლოოდ ღობე დაკიდა და მცირე ვენახი მოაშენა, ამის გამო მთავრობას ის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო უნდა დაეჯარამებინა, თუმცა აგერ უკვე 7 წელია ჯარიმებს ფორმალურად უწერენ. 
 
რა თანხა ჩამოაწერეს, რისთვის და ვინ უშუამდგომლა ხაინდრავას ღარიბაშვილთან? ამის საკითხავად "ოცნებების სასაფლაოს" ავტორთან გასაუბრება გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხაინდრავასთან სცადა, თუმცა პასუხად შეურაცხყოფა მიიღო. 

აგრესიული იყო, რეჟისორის მეუღლეც, მარიამ ხაინდრავა "შაბათის ეთერის" შეკითხვებმა ისე გააღიზიანა რომ თავდასხმაზე გადმოვიდა. 
 
გოგა ხაინდრავასთვის ხალხის კუთვნილი მიწების პრაქტიკულად ჩუქების ისტორია 2014 წლიდან იწყება. 

34 ათას 900-ს ლარად 60 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ირაკლი ღარიბაშვილმა გოგა ხაინდრავას 2014 წელს იმ პირობით გადასცა, რომ აქ, "ოცნებების სასაფლაოს" ავტორს 30 ათას კვადრატულ მეტრზე ვენახი გაეშენებინა.
 
დოკუმენტით დგინდება, რომ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილის მეგობარს ღარიბაშვილმა ასევე გადასცა ორი ათასი კვადრატული მეტრი სოფლის საძოვარი , ოცი წლის ვადით, წელიწადში სამ ლარად.

მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ხაინდრავას 350  ათასი ლარის ინვესტიცია 2016 წლამდე უნდა ჩაედო. მან ეს ვალდებულებები ვერ შეასრულა და დააჯარიმეს. პირველად მას ჯარიმები ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელსვე გაუნულა. 
 
2015 წლიდან ხაინდრავამ ახალი ვალების დაგროვება დაიწყო და არც ერთი პრემიერი მას არც ვალდებულების შესრულებად და არც ფულის გადახდას არ სთხოვდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნაჩუქარი ოთხი მილიონის შემდეგ  ხაინდრავამ ღარიბაშვილს ვალების ჩამოწერა ისევ სთხოვა. პრემიერმა ხაინდრავას არათუ ვალები ჩამოაწერა, არამედ ვალდებულებებიც შეუმცირა. 
 
ცნობისთვის, როდესაც ხაინდრავამ გაიგო, რომ მისთვის ვალების ჩამოწერის დოკუმენტი ღარიბაშვილის ადმინისტრაციიდან გამოიტანეს, ტვ პირველი თავდასხმაში დაადანაშაულა, თუმცა მაინც არ უპასუხა კითხვას რატომ ჩამოაწერა ვალები ღარიბაშვილმა. 

"შაბათის ეთერი" განმარტებებისთვის დაუკავშირდა ნათია თურნავასაც, ადამიანს ვინც გოგა ხაინდრავასთვის დახმარების მორიგი პაკეტი ღარიბაშვილს მოუმზადა. ეკონომიკის მინისტრი ჯერ არაფერს ამბობს.