უპრეცედენტოდ მწვავე დებატები ევროპარლამენტში - ექსპერტები ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას ელოდებიან
ივანიშვილის პარტიის მიმართ ევროდეპუტატების მწვავე კრიტიკას ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ ყურადღება საქართველოზე გაამახვილა და მოქმედებაზე გადასვლის აუცილებლობა დაინახა.
ახალმა შემადგენლობამ ევროკომისიის მხოლოდ 1 დეკემბერს დაიწყო საქმიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პირველ ეტაპზე მოხდეს შეხსენება, მორიგ ჯერზე გააქტუალურება საკითხის და მათთვის მითითება, მოწოდება, რომ ეს ნაბიჯები სწრაფად გადასადგმელია, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მისაღებია და ახალი არჩევნები ჩასანიშნია. ამიტომ, მისასალმებელია მცდელობა, რომელიც ვნახეთ ჩვენ სტრასბურგში, - ამბობს თინა ხიდაშელი.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას იწონებს და ამბობს, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირება და არაღიარება მნიშვნელოვანი განაცხადია.
ევროპარლამენტის რეზოლუცია, რეალურად, არის განაცხადი ევროპის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების თუ რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს ერთის მხრივ საბჭომ და მეორეს მხრივ ევროკომისიამ ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებაში, ჩვენს შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ის, რომ ევროპული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საქართველოსთან მიმართებაში ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას, ითხოვს მისი რეჟიმის სანქცირებას, ითხოვს ახალ არჩევნებს და ითხოვს ამ რეჟიმის არაღიარებას, ეს ცხადია. თუ რამდენ ხანში გადაითარგმნება ეს ევროპული საბჭოს ან ევროკომისიის გადაწყვეტილებებში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ამ ორგანოებზე, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.
ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციები ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების მიმართ გაგრძელდება. მისი თქმით, "ოცნებას" ამ პოლიტიკური ყულფიდან თავის დაღწევის შანსი აღარ დარჩა.
მაღალი ალბათობით, ეს სანქციები ივანიშვილის და არა მხოლოდ ივანიშვილის მიმართ, ეროვნულ დონეზე გაგრძელდება, იმიტომ, რომ დაიწყო უკვე ბალტიის ქვეყნებმა, გერმანიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სხვა ტიპის სანქციებიც იქნება მიღებული. არავითარი შანსი ამ წნეხიდან და პოლიტიკური ყულფიდან გამოთავისუფლების, არც ივანიშვილს, არც მისი რეჟიმის წარმომადგენლებს არ აქვთ, - ამბობს პეტრიაშვილი.
სანქციები ოლიგარქს, რეჟიმის სპონსორებს და მის მსახურებს - ევროპარლამენტარების ვერდიქტი ბიძინა ივანიშვილს. სტრასბურგში განხილვის დროს დეპუტატებმა ოლიგარქის პარტია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ევროსტრუქტურებს კი უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდეს.
"საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია", "უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ჩატარდეს ახალი ევროპული სტანდარტების არჩევნები" - თქვეს ტრიბუნიდან დეპუტატებმა.
ილაპარაკეს ქართველი ხალხის უწყვეტ პროცესზეც და ყურადღების მიღმა - ევროკომისარს არც აქციის მონაწილეების დევნა, წამება და დაუსჯელი ძალოვნები არ დარჩენია.