თავდასხმა ექსპრემიერზე - გახარიას გუნდი პროკურატურას ვიდეო მტკიცებულების დამალვაში ადანაშაულებს
თავდასხმა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე - გახარიას გუნდი აცხადებს, რომ პროკურატურა მათ მთავარ მტკიცებულებას უმალავს. საუბარია ვიდეჩანაწერზე, რომლითაც იმ პირების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რომლებიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბერდია სიჭინავა პირდაპირ ამბობს, რომ თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ორგანიზებული და ახლა პროკურატურა ცდილობს, ამ საქმიდან ოლიგარქი როგორმე გამოაძვრინოს. გახარიას გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ გაბიტაშვილის უწყება დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს.
მთავარი მტკიცებულება, ვიდეო მტკიცებულების სახით, ფაქტობრივად, მოპარული აქვს პროკურატურას და მალავს ჩვენგან და ამ მტკიცებულების ჩვენთვის გაცნობა არ მოხდა იმ ყალბი საბაბით, თითქოს ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი აღნიშნული მტკიცებულება. ეს ვიდეო მტკიცებულება პირდაპირი ფორმით ატარებს ინფორმაციას ყველა თავდამსხმელის შესახებ, მათი იდენტიფიცირება მოხდება. მეორე - ეს პირდაპირ მიუთითებს ორგანიზებულობაზე, მათ შორის, როგორ იყო „შერატონის“ ლობი, ე.წ. მისაღები გასუფთავებული იმისთვის, რომ ეს თავდასხმა განხორციელებულიყო. ერთადერთი მიზნით ხდება ამ საქმის გაფუჭება, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორმე გამოაძვრინონ ამ ორგანიზებული თავდასხმიდან როგორც ამ თავდასხმის ორგანიზატორი და მთავარი ავტორი და ამ პოლიტიკური შურისძიების მთავარი შემსრულებელი, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესაც.