"ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება კითხვის ნიშნის ქვეშაა - ოპოზიციის კომენტარები
ცნობს თუ არა ევროსაბჭო "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილებას - პროდასავლური ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს არ მოხდება. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტნიორებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები მიაწოდეს და შესაბამის რეაქციასაც ელიან.
კენჭისყრის შედეგებით განისაზღვრება იქნება „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი თუ არა. შესაბამისად, რამდენადაც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ არჩევნები იქნა მიტაცებული, ჩვენ ველით შესაბამის რეაქციას დელეგაციებისგან, მაგრამ ყველა ქვეყნის დელეგაცია იღებს თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ აქ ამოცანა იყო სწორედ ის, რომ მათ ჰქონოდათ სრული ინფორმაცია არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით და არჩევნების პროცესი რომ იყო სრულად მიტაცებული, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც "ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება მას შემდეგ შეშინდა, რაც მას ევროკავშირმა გაყალბებული არჩევნების გამოძიება და აპარატების გახსნა მოსთხოვა. ამასთან, მისი თქმით, "ოცნებას" არც იმ 9 პრიროიტეტი შესრულება სურდა, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დაუწესეს.
რომ გავიხსენოთ ძალიან ახლო წარსულიდან ეს ისტორია, რატომ მიიღო გადაწყვეტილება 28 ნოემბერს კობახიძემ და ივანიშვილმა, ამ დაჯგუფებამ ერთად, როცა გამოაცხადეს, რომ ევროკავშირიდან გამოგვაქვს ჩვენი განაცხადი და საერთოდ აღარ გვინდა მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლა. ამას წინ უძღოდა სწორედ ის საკითხები, რაზეც ახლა PACE-იში ისაუბრეს, მაგრამ მაშინ ეს მოხდა ევროკავშირის ევროპარლამენტში. მიიღეს რეზოლუცია და მოითხოვეს იმ არჩევნების გამოძიება. ამან შეაშინა „ოცნება“, არ უნდოდათ იმ არჩევნების გამოძიება, აპარატების გახსნა და ა.შ. და ასევე, რა თქმა უნდა, არ უნდათ იმ 9 მთავარი რეკომენდაციის და პრიორიტეტის შესრულება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროპიდან, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ "ოცნება" ევროსაბჭოსგან მანდატების აკრედიტაციას მარტივად ვერ მიიღებს, რადგან ყველასთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია.
ივანიშვილის რეჟიმის დელეგაციას ლეგიტიმაცია არ აქვს. მათ, ახლანდელი გადაწყვეტილებით, ხმის უფლება წართმეული აქვთ იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს შეეხება და იმ შემთხვევაში, თუ იქნება კენჭისყრა, ხვალ არის საუბარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მარტივად ვერ მიიღებენ აკრედიტაციას იმ მანდატების, რომელიც ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან არის წარდგენილი და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს, - ამბობს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დებატები, რომელიც სტრასბურგში ევროსაბჭის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაიმართა, პრაქტიკულად, "ქართული ოცნების" ლუსტრაცია იყო. ყველა გამომსვლელი თითქმის გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობდა. უკვე ხვალ ივანიშვილის ხელისუფლება ვერდიქტს ევროსაბჭოსგან ელოდება.
ცნობს თუა არ ევროსაბჭო ივანიშვილის გუნდის დელეგაციის უფლებამოსილებას, ცნობილი სწორედ ხვალ გახდება.