ოლიგარქის ყოფილი ადვოკატის კითხვა ივანიშვილის გარემოცვას
ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი მოსალოდნელ და მიმდინარე სანქციებზე დასმულ კითხვას პასუხობს - იურისტს მედიამ კითხვა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის კონტექსტში დაუსვა.
ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა. ამასთან ადვოკატის განცხადებით, დიპ.პასპორტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანასკნელი არ არის.
რა თქმა უნდა, დიპ.პასპორტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანასკნელი არ არის. აბსოლუტურად ლოგიკურია, სხვა შემდგომი გადაწყვეტილებების მოლოდინი. რამდენადაც მზარდი არ უნდა იყოს სანქციების წნეხი ბატონი ივანიშვილის მიმართ, ჩემთვის გაცილებით პრინციპულია, როგორ აფასებს ამ ვითარებას მისი უშუალო გარემოცვა.
ბატონი ივანიშვილის მხრიდან ხელწერაში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ალბათ, არ უნდა ველოდებოდე, ეს არის ჩემი დამოკიდებულება.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, კრიტიკული და პრინციპული ჩემთვის არის კითხვა გარემოცვისადმი, მეტწილად იმ ქართული ბიზნესების მიმართ, რომლებსაც დღესაც, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, როგორი დასასრული ურჩევნიათ მათ წარმატებული ბიზნეს საქმიანობის კუთხით მათი გაგებით - ქვეყანაში განვითარებული კრიზისის მიმართ თუ უცხოეთიდან გამოცხადებული სანქციების შედეგად?! "- განაცხადა ანალიტიკური ორგანიზაცია
"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.