სუს-ი მეუფე ნიკოლოზის წინააღმდეგ - ოპერატიულ ფაილებში ხათუნა გოგორიშვილიც ფიგურირებს
ოპერატიულ ფაილებში, რომელიც ინტერნეტში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ატვირთა, ოპოზიციის წარმომადგენელი, ხათუნა გოგორიშვილიც, ფიგურირებს.
"ევროპული საქართველოს" წევრი "პირველებთან" ამბობს, რომ ახალციხის და კუმურდოს მიტროპილიტი მისი მოძღვარია და მასთან ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.
ბევრი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან. ის იყო ჩემი მოძღვარი და ყოველ დღე, დღეში რამდენჯერაც ველაპარაკებოდი"- აცხადებს გოგორიშვილი.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ფარული დოკუმენტები "ქართულმა ოცნებამ" გამოაქვეყნა, რადგან მისი თქმით, "ხელისუფლებას უჭირს":
იმდენად გაუჭირდათ და იმდენად ცუდ დღეში არიან, მათ საპატრიარქოსთვის ყელში მოჭერა სჭირდებათ. თუ ჭკვიანად არ იქნებით, თუ ყველგან, საჯაროდ, მხარს არ დაგვიჭერთ, თუ მთელი საპატრიარქო თავისი განშტოებებით "ქართული ოცნების" სამსახურში არ იქნება, ყველაფერს თქვენს შესახებ გამოვაქვეყნებთ"- ამბობს "ტვ პირველთან" ხათუნა გოგორიშვილი.
ინტერნეტში სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული სკანდალური ფაილების მიხედვით, უსმენდნენ ახალციხისა და კუმურდოს მიტროპილიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც.
გავრცელებულ ოპერატიულ ცნობაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ მეუფემ დიდი ფულის სანაცვლოდ, რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გავრცელებული ფაილების მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდა.
ოპერატიული ცნობების მიხედვით, ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მეუფემ 30 ათასი დოლარი აიღო.