გამოვდივარ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით - ეუთოს წარმომადგენელი
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო მოშიმშილე მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
ტერეზა რიბეირო "ქართული ოცნებისგან" კატეგორიულად მოითხოვს, რომ ციხის კარი გაუღონ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც უკანონოდ დააკავეს და ამასთან, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმები გამოიძიონ.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს რიბეირო.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება, ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეთვრამეტე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.