რეჟიმის საერთაშორისო მხილება - გაეროს 6 დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას წამების კვალიფიკაციას აძლევს
„მინდა, რომ მაყურებელმა წარმოიდგინოს, როგორია, როდესაც ხელები გაკავებული გაქვს, ვერაფერს აკეთებ, უკვე დაკავებული ხარ, მიდიხარ და ეპიცენტრიდან გირტყამენ ცხვირში“ - წამების მსხვერპლი ავთანდილ ტიტვინიძე შემზარავ დეტალებს "პირველებთან" იხსენებს.
ახალგაზრდა კაცმა "ხარებას" რაზმის სისხლიანი ანგარიშსწორებისას მიიღო ტვინის შერყევა, ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები. ისიც სხვა მომიტინგეების მსგავსად აღმოჩნდა დამცირების, შეურაცხყოფის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამიზნე.
ამ ადამიანების წამების შემთხვევები გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშშიც მოხვდა - პირველად საქართველოს ისტორიაში გაეროს დამოუკიდებელი 6 ექსპერტი შეთანხმდა, რომ ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში ოცნების ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩაიდინეს, იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი ქმედება. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ წამება იყო მასშტაბური, ჰქონდა სისტემური ხასიათი და ამის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებას არ უმოქმედია, პირიქით, აქტივისტებს უკანონოდ აკავებდნენ, დამნაშავე პოლიციელები კი კაციტაძის უწყებას არ დაუსჯია.
ახლა ყველა მოწმის ჩვენება რეჟიმის ძალადობას ამხელს. დათა ხარაიშვილზე სისხლიანი ანგარიშსწორების ყველაზე მძიმე ეპიზოდი დაკავების მანქანაში იყო, როცა ხარებას დაჯგუფება მომიტინგეების ცემაში ერთმანეთს ენაცვლებოდა - სადამსჯელო ღონისძიებისთვის მომზადებული იყო საპოლიციო მანქანებიც - ცემისთვის ამოცლილი იყო სკამები.
შემზარავი ისტორიების გაცნობის შემდეგ გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტები ივანიშვილის გუნდისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან - პირველ ეტაპზე კი, უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებას და იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალადობის აღმოფხვრაზეა პასუხისმგებელი.