მახსენდება [ოცნების] წევრების ღალატი, იგნორი და ჩემი ოჯახის გაწირვა - სოსო გოგაშვილი

13.09.21 15:32
მახსენდება [ოცნების] წევრების ღალატი, იგნორი და ჩემი ოჯახის გაწირვა - სოსო გოგაშვილი

სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჯამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული საყოველთაო მოსმენის სკანდალს ეხმიანება. სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი ყოფილი გუნდის, ,,ქართული ოცნების", წევრების ღალატისა და იმედგაცრუების მომსწრეა.

მშვიდობა ყველას
სინანულით ვუყურებ ჩემს ყოფილ “გუნდს”. 
იქ მე ღირსეული მეგობრებიც დავტოვე,  უღირსი მტრებიც და მედროვე “მეგობრებიც”.
ვუყურებ წუხილით, რაც ხდება მათ თავს და რაც ელის ჩვენს ქვეყანას. 
ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ იმაზე, რასაც მალე თავზე დაიტეხენ და დაგვატეხენ  ყველას. მე არ მიხარია, ან როგორ უნდა მიხაროდეს? ან ნორმალურს ვის გაუხარდებოდა? 
არც ვინმესთვის ნიშნის მოგება არ  მინდა, არც მჯიღებს ვირტყამ გულზე. ღმერთმა დამიფაროს 
ტკივილით მახსენდება ჩემი ოჯახის თავს დატეხილი საშინელი ამბები, სიტყვებით გადმოცემა რთულია, მტერს არ ვუსურვებ.  
მახსენდება “გუნდის” წევრების უმეტესობის იგნორი, ღალატი, ზურგის შექცევა, “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”. ჩემი და ჩემი ოჯახის გაწირვა და მათგან იმის არ ცოდნა, თუ დაკიდება, რომ ეს “აქლემი” ყველასთან დაიჩოქებს ერთხელ მაინც. 
დამიჯერეთ, გულწრფელად ვამბობ, არანაირი პირადული.... მხოლოდ  ჩვენი ქვეყნის ინტერესები და საერთო საქმე მაიძულებს, რომ არ დავიშურო ძალა სხვა კარგ ადამიანებთან ერთად, ამ მარაზმის დასასრულებლად. იმისა, რაც დღეს და  ბოლო 30 წლის განმავლობაში ყარს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში🇬🇪. 
ღმერთით ყველაფერი მიიღწევა.
სახალხო პარტია#44 - წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ ინტერნეტში სავარაუდოდ სუსი-ს თანამშრომელმა საიდუმლო ფაილები ატვირთა, სადაც ასახულია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო თვალთვალის ფაქტები და დოკუმენტები.