წარმოუდგენელია, ამას ოპოზიცია აკეთებდეს - ნინო დოლიძე ფარულ ჩანაწერებზე

14.09.21 12:46
წარმოუდგენელია, ამას ოპოზიცია აკეთებდეს - ნინო დოლიძე ფარულ ჩანაწერებზე

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, თუ უკანონო მიყურადების ფაილები  ფალსიფიცირებულია, ამის შესახებ ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს. დოლიძე დარწმუნებულია,  რომ ჩანაწერები ოპოზიციას არ გაუკეთებია. 

რაც ხდება, ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაზუსტებით შეუძლიათ თქვან, რომ ეს ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, დაგვიდასტურონ. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ ჩანაწერებს ოპოზიცია აკეთებდა და ოპოზიცია უსმენდა. წინა ხელისუფლების დროსაც იყო ეს პრობლემა, მაგრამ ჩანაწერები, რომელიც ახლა გამოაშკარავდა, მოგვიანებით პერიოდს ეხება, შესაბამისად, წარმოუდგენელია, ამას ოპოზიცია აკეთებდეს. ამიტომ თუ უნდა ხელისუფლებას დაადასტუროს ამის ფალსიფიკაცია, გამოძიება მნიშვნელოვანია. ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვებს აქარწყლებს ის, რომ რამდენიმე ადამიანმა ახლაც და წინა მოსმენებზეც დაადასტურეს, რომ მსგავსი ტიპის საუბრები არსებობდა. გუშინ ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, რომ უნდა მოხდეს ავთენტურობის დადგენა და შემდეგ გამოძიება, რადგან იქ საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც თვალთვალს ახორციელებდნენ. ჩვენ დამნაშავეებიც სახეზე გვყავს, თუ ამის დადასტურება მოხდება. ამიტომ ხელისუფლების პირველადი სურვილი ამის გამოძიება უნდა იყოს, თუმცა, არ ვიცი რამდენად გვაქვს ამის მოლოდინი და იმედი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნების დეა სხვა შემთხვევები ამ დრომდე გამოუძიებელია“, - თქვა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სუს-დან გამოჟონა და   პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და უკანონო თვალთვალს უკავშირდება.